დიქტატურაში არცერთი ადამიანი არ არის დაცული, ადამიანის უფლებების დაცვა ზოგადად ნიველირებულია და ამას ვხედავთ დღეს ჩვენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგებიან მოწყვლადი ჯგუფები.

ჩვენ არაერთხელ გვიხილავს ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულება ზოგადად ქალების მიმართ. ქალი აქტივისტები იქნებიან ეს, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებზეც პირადად თავდასხმებს ახორციელებდა, ქალი ჟურნალისტები, რომლებზეც თავზეხელაღებით, დამიზნებით, მიზანმიმართული სისასტიკით უსწორდებოდნენ მათ შორის, TV პირველის ჟურნალისტებს სწორედ ივანიშვილის სახელით და ხელით მის მიერ დაქირავებული მოძალადე დაჯგუფებები და ე.წ. ტიტუშკები და სინამდვილეში კრიმინალები და დამნაშავეები.

ასევე ქალი პოლიტიკოსები, მე ძალიან არ მიყვარს ხოლმე საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ მეც არაერთხელ გავმხდარვარ მსხვერპლი ძალადობის ივანიშვილის რეჟიმის კაცი წარმომადგენლების მხრიდან. არამხოლოდ სექსუალური შევიწროების და თავდასხმის და ვერბალური შეურაცხყოფის, რაც ასევე ძალიან ხშირად გვიხილავს.

მე პირველი დღეც კი მახსენდება ჩემი პარლამენტის სხდომათა დარბაზში 2012 წელს, როდესაც 29 წლის ვიყავი და სწორედ გენდერული ნიშნით გამომარჩია იმდროინდელმა რუსული ოცნების დეპუტატმა და მას მერე ყოფილა უამრავი ამგვარი შემთხვევა, ფიზიკურ ძალადობასაც კი არ მორიდებიან. მათ შორის, სამარცხვინო, დეფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი პაპუაშვილი, რომელიც მაშინ რიგითი დეპუტატი იყო და ჩემს მიმართ ძალადობის შემდეგ დააწინაურა ივანიშვილმა.

ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა არის სერიოზული პრობლემა, სადაც ფემიციდი არის სერიოზული და სამწუხაროდ მზარდი პრობლემა და ნაცვლად იმისა, რომ დღეს პოლიცია გადიოდეს კვალიფიკაციას, ტრენინგებს, იმისთვის, რომ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ზომები გამოიყენებოდეს, იქნება ეს ჩხრეკისა თუ სხვა, კანონიერი მოთხოვნისა, პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ ისევე, როგორც ყველა სხვა მიმართულებით ადამიანთა უფლებების სფეროში, ამ მიმართულებითაც უკან და უკან მივდივართ და კიდევ უფრო დაუცველი ხდება თითოეული ქალი, საქართველოს მოქალაქე რეჟიმის პირისპირ.

განაცხადა  ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.