მეჯვრისხევში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 6 მოქალაქე თავისუფალია – ამის შესახებ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.