ყველამ ვიცით, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი უსამართლობის და შეურაცხყოფის პასუხად მე-18 დღეა საპატიმროში შიმშილობს. ჩვენ ვიცით, რომ მზია ამაღლობელი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვე, ამასთან, არცერთ ადამიანს, რომელმა მისი საქმე შეთითხნა არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ ამოეფარება ჯგუფურ პასუხისმგებლობას, ამოეფარება რეჟიმს და მომავალში თავს იმით გაიმართლებს, რომ მაშინ დრო იყო ასეთი.

ამიტომ, დღეს, მე მინდა მივმართო გიორგი გაბიტაშვილს, რომელსაც სახელის და გვარის გასწვრივ უწერია, რომ არის საქართველოს გენერალური პროკურორი. ბატონი გიორგი თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მზია ამაღლობელი დღეს არათუ პატიმრობაში არ უნდა იყოს, არამედ მის წინააღმდეგ საქმე საერთოდ არ უნდა დაგეწყოთ, იმიტომ რომ კანონით და არა პროპაგანდით, რომელსაც ქართული ოცნება ამუშავებს, ქმედება, რომელსაც მას ედავებით, არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას, რომლის გამოც ის გამომწყვდეული გყავთ ციხეში.

პროპაგანდა აქტიურად მუშაობს, მაგრამ თქვენ, როგორც იურისტმა, ძალიან კარგად და ზუსტად იცით, რომ ეს პატიმრობა არის აბსოლუტურად უკანონო. ამიტომ მინდა მოგმართოთ კითხვით, პირადად თქვენ მზად ხართ, რომ მთელი ცხოვრება ზიდოთ ამაღლობელის უკანონო პატიმრობის და მისი ჯანმრთელობის ხელყოფის სიმძიმე?  მზად ხართ რომ ამ ცოდვით იცხოვროთ?

ამიტომ მოგმართავთ, როგორც პირს, რომელსაც გაქვთ კანონით შესაძლებლობა და ვალდებულება დაუყოვნებლივ დააყენოთ მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი სასამართლოში და ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე, რომელსაც არ გააჩნია არც სამართლებრივი და არც ზნეობრივი გამართლება, დაუყოვნებლივ იყოს შეწყვეტილი. თავისუფლება მზია ამაღლობელს.

განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.