მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელიდა დირექტორი, მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია. მასთან ერთად ამ სიაში მოხვდნენ უკრაინელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები – მაკსიმ ბუტკევიჩი და ულვი ჰასანლი

ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემია არის საერთაშორისო ჯილდო, რომელიც 2013 წელს დაარსდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკისა და „ქარტია 77“ ფონდის მიერ. ეს პრემია ენიჭებათ იმ ადამიანებს ან ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებების დასაცავად გადადგმული გამორჩეული ნაბიჯებისთვის.

ვაცლავ ჰაველის ჯილდოს გამარჯვებული სტრასბურგში 29 სექტემბერს დასახელდება.

მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა. ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს ჰქონდა წაყენებული, „სამართალდამცავზე თავდასხმა“, თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.