მთავარი არხის რესპონდენტები, რომლებიც COVID-19-ის ყალბ დიაგნოზზე საუბრობდნენ, სუს-ში დაიბარეს

მთავარი არხის ინფორმაციით, მათი რესპოდენტები, რომლებმაც კორონავირუსის ყალბ დიაგნოზებზე სიუჟეტში საუბრობდნენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.

რესპოდენტები არხს უყვებოდნენ, რომ გარდაცვალების ცნობაში კორონავირუსის დიაგნოზის ჩაწერის სანაცვლოდ, გარდაცვლილის ოჯახებს თანხას ექიმები და ადგილობრივი მერიის თანამშრომლები სთავაზობდნენ.

“გუშინ მივიღე უწყება, რომ სიუჟეტთან დაკავშირებით დამიბარეს. ბაზარში გავიგე, რომ კონკრეტულად იცოდნენ, ვის ეხებოდა საქმე. ამაზე ბევრი ლაპარაკობდა, სიუჟეტშიც ამას მოვყევი, – ამბობს სუს-ში დაბარებული ზანურა თალიბოვა.

სიუჟეტში კიდევ ერთი მარნეულელი ქალი ყვებოდა, რომ შვილი 2 კვირის წინ გარდაეცვალა, დიაგნოზის შეცვლის შეთავაზება კი საავადმყოფოს ექიმებისგან მიიღო.

დაიწყება თუ არა საქმეზე გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.