მთავარი არხის ჟურნალისტის თქმით, ზუგდიდში ალტ-ინფოს წევრები გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ზუგდიდში  ალტ-ინფოს პარტიის ოფისთან მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. მთავარი არხის ჟურნალისტის, ემა გოგოხიას ცნობით, ზუგდიდში მას და მის ოპერატორს ალტ-ინფოს 15-მდე წევრი ფიზიკურად გაუსწორდა.  ჟურნალისტი ყვება, რომ გადაიღეს, როგორ ასუფთავებდნენ ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები უკრაინის დროშის ფერებში შეღებილ ალტ-ინფოს ოფისის შესასვლელს.

მისივე თქმით, ძალადობის ფაქტს საპატრულო პოლიცია შორიდან უყურებდა და მხოლოდ მოქალაქეების რეაგირების შემდეგ ჰქონდათ რეაქცია.

“მათი სამიზნე იყო კამერა. ისინი ერთმანეთს მიუთითებდნენ, რომ დაემტვრიათ აპარატურა და გაეტაცებინათ კამერა. კამერა სამიზნე იმიტომ გახდა, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ ალტ-ინფოს ოფისზე დახატულ უკრაინის დროშას ზუგდიდის მერიას დაქვემდებარებული თანამშრომლები ასუფთავებდნენ სასწრაფო წესით, მოტანილი ჰქონდათ სპეციალური სითხეები. ჩვენ შეკითხვა გვქონდა თუ რატომ ასუფთავებდნენ ოფისს და ამ შეკითხვის შემდეგ გაიქცნენ. რამდენიმე წუთში ორგანიზებულად მოვიდა 15-მდე პირი, რომლებიც “კასტეტებით” იყვნენ შეიარაღებული, უმოწყალოდ სცემეს ოპერატორს, ჩემზეც განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, დამტვრეულია აპარატურა”, – ყვება ჟურნალისტი ემა გოგოხია.