სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მთავარმა არხმა აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ დაამახინჯა.
“2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მაყურებელს აუწყებდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, პანდემიის დროს, სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილი პირების ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიაგნოზის გაყალბების და გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ კონკრეტულ თანხას სთავაზობდნენ.
გამოძიების პროცესში, გამოიკითხა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი. რის შედეგადაც დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები, სიუჟეტის ავტორთა მიერ, განზრახ იყო დამახინჯებული”,– აცხადებს სუს–ი.
უწყების ცნობით, მთავარმა არხმა გამოძიებას მხოლოდ ეთერში გაშული, დამონტაჟებული მასალა მიაწოდა.
2020 წლის 2 ივლისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოძიებამ, ტელეკომპანია „მთავარი არხისგან“ 2020 წლის 20 ივნისს, 21:20 საათზე, გადაცემა „შაბათის მთავარ“-ში გასული რეპორტაჟის – „ნაყიდი COVID 19“-ი, ასევე 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, დაუმონტაჟებელი მასალის გადაცემა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საჯაროდ აცხადებდა, რომ მზად იყო გაესაჯაროებინა აღნიშნულ სატელევიზიო გადაცემებთან დაკავშირებული დაუმონტაჟებელი მასალა, ტელეკომპანიამ გამოძიებას მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა წარუდგინა. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მთავარი არხის მიერ წარმოდგენილ დამონტაჟებულ ვიდეო მასალაზე დაინიშნა ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა”,– წერს სუს–ი.
მათივე განცხადებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი კი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი საბოტაჟის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.