მთავრობა ქვეყნის სრული ჩაკეტვისთვის ემზადება. რა ინფორმაცია ვრცელდება არაოფიციალურად

სოციალურ ქსელებში ვრცელდებ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ხვალ სრულ ლოქდაუნს გამოაცხადებს, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 24 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ხელისუფლება ბოლო დღეებში აცხადებდა, რომ სრული ლოქდაუნი არ იგეგმება და იქნება მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, თუმცა ბოლო დღეებში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკაცრი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. გადაწყვეტილებას გასატარებელი ზომების შესახებ მთავრობა ხუთშაბათს გამოაცხადებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით შეზღუდვები ასე გამოიყურება:

  • ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს 21:00-დან 05:00-მდე;
  • 24 დეკემბრამდე იკრძალება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ხოლო 24-დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება და მგზავრების რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება.
  •  სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, სადეზინფექციო ნაწარმის მაღაზიების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება და მუშაობას განაგრძობს დისტანციურად.
  • 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იკეტება დიდი ბაზრობები, მათ შორის სამშენებლო. ასევე იკეტება საცურაო აუზები, სპორტდარბაზები. სილამაზისა და სპა სალონებს შეზღუდვა არ ეხება.
  • 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე დაკეტილი ობიექტები გაიხსნება;
  • ბაღი, სკოლა და ინსტიტუტები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან;
  • რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ გატანის სერვისზე;
  • კერძო სექტორის ოფისები იმუშავებენ 15:00 საათამდე(შაბათ კვირის გარდა).

არაოფიციალური ინფორმაციით 3-დან 15 იანვრამდე ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება, 15 იანვრის შემდეგ ლოქდაუნი უკვე შაბათ-კვირას იმოქმედებს, ხოლო უკვე პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრების და რესტორნების გახსნა იგეგმება.