საქართველოს მთავრობა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩებს, ასევე NATO-სთან საქართველოს წარმომადგენენელს, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენელს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს.
განკარგულება 26 აგვისტოთი თარიღდება და ხელი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა. განკარგულებით მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, აღნიშნული პირები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიზეზად როტაციის ვადის ამოწურვას ასახელებენ.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავაა, რომელსაც უფლებამოსილება 2024 წლის 15 ოქტომბრიდან უწყდება.
განკარგულების მიხედვით, შვეიიცარიაში საქართველოს ელჩმა, რევაზ ლომინაძემ, თანამდებობა 1-ლი ოქტომბრიდან უნდა დატოვოს. ამავე დღეს უწყდება უფლებამოსილება ჟენევაში, გაეროს განყოფილებებსა და სხვა ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ალექსანდრე მაისურაძეს.
თანამდებობა 15 ოქტომბერს უნდა დატოვოს ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ. 21 სექტემბერს კი უფლებამოსილება NATO-ში საქართველოს წარმომადგენელს, ვიქტორ დოლიძეს შეუწყდება.