პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს. როგორც პრემიერმა ბათუმში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ამ ზონებს შორის განიხილება საირმე, წყალტუბო, გუდაური და კიდევ რამდენიმე პატარა მობილური ზონა. მისივე თქმით, ასეთი ზონა ვერ იქნება აჭარა, თუმცა შესაძლებელია გახდეს აჭარის ცალკეული ლოკაციები.
„იმ პროცესებიდან, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ძირითადი გამწევი ლოკომოტივი აჭარა უნდა გახდეს. ძირითადად იმიტომ, რომ ეს მაგნიტურობის ძალა ქართული ტურიზმის მთაც არის, ღვინოც არის, კიდევ ბევრი რაღაც არის, მაგრამ აჭარას მაინც თავისი მიმზიდველობა აქვს ისევე, როგორც თბილისს და შემდგომ ეს ყველაფერი რეგიონებში იშლება. ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ ცალკეული ტურისტული ზონები, გამოვაცხადოთ კოვოდისგან უსაფრთხო ზონებად. ეს შესაძლებელია, როდესაც პატარა მობილურ ზონებზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს: საირმე, წყალტუბო, გუდაური, ბაკურიანი … აჭარა ასეთი ფორმით საკმაოდ რთული იქნება, თუმცა აჭარის გარკვეული ნაწილები შესაძლებელია. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროებს, იქ სადაც ამის ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება ბათუმზე ვიფიქროთ, როგორც ცალკე აღებულზე და აქ გარკვეული წესები დავაწესოთ იმისთვის, რომ კოვიდისგან სუფთა ზონად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები”, – განაცხადა გახარიამ.