ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფაქტობრივად აღიარა, რომ მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილებაა, არჩევნებამდე აიკრძალოს Wizz Air-სა და Ryanair-ის ფრენები.
მისი თქმით, მთავრობის გენერალური ხაზია, არჩევნებამდე იყოს “რაც შეიძლება ცოტა და რაც შეიძლება ძვირი ფრენა”.
“მთავრობამ განზრახ შექმნა სიტუაცია, რომელშიც ფრენა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლიათ ბილეთში ასტრონომიული ფასის გადახდა და მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლიათ, საკუთარი თავისთვის გააკეთონ გამონაკლისი და არ ჩასხდნენ სავალდებულო კარანტინში”, – განაცხადა კანდელაკმა.
რაც შეეხება თურნავას განცხადებას, რომ Wizz Air და Ryanair კვირაში ერთხელ და ორჯერ ვერ იფრენს, რადგან მათთვის წამგებიანი იქნება, კანდელაკი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს სიცრუეა, რადგან ავიაკომპანიები ისედაც ასეთი სიხშირით ასრულებდნენ ფრენებს.
“თურნავამ დღესაც იცრუა, როდესაც თქვა, რომ Wizz Air-სა და Ryanair-სთვის კვირაში ორჯერ ფრენა წამგებიანი იქნებაო. ქალბატონო ნათია, მოდით, მივცეთ მათ საშუალება, თვითონ გადაწყვიტონ წამგებიანი იქნება თუ მომგებიანი მათთვის კვირაში ორჯერ ფრენა. პანდემიამდე მათი რეისები ისედაც კვირაში ორჯერ და სამჯერ იყო”, – თქვა კანდელაკმა.
ცნობისთვის, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავამ თქვა, რომ Wizz Air-სა და Ryanair-თან მოლაპარაკებებს უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე Lufthansa-სა და Air France-სთან.
მინისტრის განმარტებით, ორივე ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანია და მათთვის კვირაში ორჯერ ფრენების შესრულება მომგებიანი არ იქნება, ამიტომ ისინი 10–ზე მეტი მიმართულება შესთავაზეს.