პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად, შეხვედრებს იწყებს. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პირველ შეხვედრას პრეზიდენტი 31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს.
როგორც ირკვევა, სალომე ზურაბიშვილის ევროპული ტურნე მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა, უფრო ზუსტად კი, მთავრობამ ზურაბიშვილი ევროპაში არ გაუშვა, მაგრამ ის მაინც წავიდა.
მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ სალომე ზურაბიშვილს 10 ქვეყანაში ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, არის უკრაინაც. მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლზე მიუთითებს, რომელშიც წერია, რომ პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში საქართველოს მთავრობის თანხმობით უნდა ახორციელებდეს
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად. ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე. სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე. შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა.“–ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
რატომ უთხრა მთავრობამ უარი პრეზიდენტს საზღვარგარეთულ ვიზიტებზე. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით,
ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მიზეზი, რომ მთავრობა პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრებას არ ეთანხმება.
„საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას და მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევაა და კონსტიტუციის უპატივცემულობაა და მეორე მხრივ, ამ დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები, მაგალითად, მე შემიძლია გაგახსენოთ აქ, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა, ალბათ, ყველა დამეთანხმებით გულში მაინც.
რა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო?! რომ საქართველო თითქოს დღეს არ იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს პათოსი იყო მაშინ მის განცხადებაში, ეს თქვა. საქართველო დღეს გატარებული რეფორმებით ახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებებს, რომლებიც ევროპული კურსის სწორად განსაზღვრისთვის, როგორც პრიორიტეტისა ამ ქვეყნისთვის, არის საჭირო და მეორე, ასრულებს რეკომენდაციებს შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე. ვიცით, რომ თუკი ობიექტური შეფასება სადმე დაიდო, მათ შორის, ევროკავშირის ობიექტური შეფასება, ეს იყო ქულებითაც, კრიტერიუმებითაც, შეფასება, სადაც საქართველო იყო მოწინავე ადგილზე, სხვა ქვეყნებს ანალოგიურ სიტუაციებში მყოფებს ვუსწრებთ ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრით. მაშინ, როდესაც ამ ფონზე ჩვენი ევროპელი კოლეგებიც კი შეფასებითი კრიტერიუმებით ადასტურებენ, რომ საქართველო პირველია ამ მიმართულებით და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგოს საუბრობს, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ვოიაჟი, რომელსაც არ ეთანხმება მთავრობა, სწორედ ამის გამო იყოს ამ მიზეზიდან გამომდინარე.
სულ რომ ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება რეკომენდაციებს შესაბამისად არ და ვერ ასრულებდეს, საქართველოს გულშემატკივარმა, საქართველოს მოქალაქემ, სტატუსის მიუხედავად, უნდა თქვას, რომ რეკომენდაციები სრულდება და საქართველო სტატუსს იმსახურებს, მითუმეტეს, როდესაც ეს მართლაც ასე ხდება. როდესაც საქართველოს მოქალაქე, ჟურნალისტი, პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, ამბობს, რომ არა არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, რეკომენდაციები არ არის შესრულებული, არ ვდგავართ ჩვენ სწორ გზაზე, ჩვენ ვადგავართ რუსეთის გზას, ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, ეს არის საბოტაჟი და სწორედ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის საქართველოს მთავრობის დაუთანხმებლობა დაკავშირებული.
ვერ ააყირავებთ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას და ამიტომ არ გსურთ თქვენ [მთავარ არხს] და სალომე ზურაბიშვილს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი”,- განაცხადა მდინარაძემ.