მთავრობამ უნდა შეკვეცოს ათასი უაზრო ხარჯი და მიმართოს გაჭირვებული ოჯახებისკენ- ჯაფარიძე

,,გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან საქართველოს 2-3 მილიარდი დოლარით დახმარება მაინც დაჭირდება იმისთვის, რომ კორონავირუსის გამოწვეული კრიზისი გადავიტანოთ.

,,ჩემი აზრით, სადღაც 2-3 მილიარდი დოლარი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ წელწადნახევარ – 2 წელში ეს კრიზისი რამენაირად გადავიტანოთ. კრიზისი არის ყველგან, მთელ დედამიწაზე, უბრალოდ ჩვენ ვართ ძალიან ღარიბი ქვეყანა და კიდევ უფრო სერიოზულად დაგვარტყამს”,- ამბობს ჯაფარიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პარტნიორებისგან მიღებული ფული როგორც წესი ეკონომიკის დახმარებაზე უნდა დაიხარჯოს და არა ადამიანებისთვის დახმარებაზე. გაჭირვებულებს, ვისაც კორონავირუსი ყველაზე მეტად დაარტყამს, მთავრობა უნდა დაეხმაროს ბიუჯეტიდან, შეკვეცილი ხარჯებით.

,,ასეთი ფული როგორც წესი იხარჯება ხოლმე ინფრასტრუქტურაზე, შეიძლება დაიხარჯოს ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობაზე, ანუ ეს არის სექტორები, სადაც ეკონომიკას შეიძლება დაჭირდეს რაღაც ტიპის დახმარება. ეს ფული არ შეიძლება დაიხარჯოს პირდაპირ დახმარებებზე, დახმარებებისთვის ფული უნდა გამოიყოს საქართველოს ბიუჯეტიდან. ამისათვის მთავრობამ უნდა შეკვეცოს ათასი უაზრი ხარჯი და ფული მიმართოს კონკრეტულად იმ გაჭირვებული ოჯახებისკენ, ვისაც ყველაზე მეტად დაარტყამს ეს პანდემია”,- განაცხადა ,,გირჩის” ლიდერმა.

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა საერთაშორისო პარტნიორებს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დახმარებას სთხოვეს. მათ მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს დახმარების მიღების მცდელობაში.