მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ის ამ პოსტზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ 4 თებერვალს დანიშნა. ამის შესახებ ქემოკლიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი დაწერა და გახარიას მადლობა გადაუხადა.
“დადგა დრო როდესაც ზუსტად 10 წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი.
მინდა გულწრფელად ვთქვა, 10 წლის განმავლობაში მქონდა პატივი (ალბათ უიშვიათესი), რომ მემუშავა განსაკუთრებულ ადამიანებთან, ხელმძღვანელებთან და ლიდერებთან (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში). ვფიქრობ, ეს 10 წელი იყო, ღირებული იმითაც, რომ ჩემს თვალწინ გაიზარდა ახალგაზრდა პროფესიონალების და გულწრფელი პატრიოტების ისეთი თაობა, რომელიც მომავალში იქნება ქვეყნისთვის მყარი საყრდენი!
არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას! ადამიანს, რომელსაც, არ დაგიმალავთ ეჭვის თვალითაც კი (პროფესიული ჩვევებიდან და ინსტიქტებიდან გამომდინარე ვუყურებდი დასაწყისში. მადლობა გახარიას, იმისთვის, რომ იყო თავდაუზოგავი (ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად ამოუხსნელი) შრომის, საოცრად სწრაფი ფიქრის უნარის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი”,– წერს ქემოკლიძე.
მისივე შეფასებით, გახარია მერიტოკრატიის რწმენით გამსჭვალული ხელმძღვანელი იყო.
“ქრონიზმის, ნეპოტიზმის, ზედმეტი ბიუროკრატიის მტერი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები თანამედროვე მენეჯერი. მადლობა მას, იმისთვის, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი სახელმწიფო ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და მემსახურა ჩემი ქვეყნისათვის.
დასასრულს, მინდა სახელმწიფოებრივ საქმეში, გულწრფელად წარმატება ვუსურვო ახალ პრემიერს. საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის და ა.შ. მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა! ამ ქვეყნის ძალა არის მხოლოდ ერთობაში! მე დროებით გემშვიდობებით. ჩვენ კვლავ შევხვდებით”,– წერს ქემოკლიძე.