“მთელი ღამე ვიტირე, ახლაც ვტირი”- ეს სიტყვები, გარდაცვლილი, დათა პაპას (ვანიშვილის), ქვრივმა, ვალია ვანიშვილმა, “პრაიმტაიმთან” სატელეფონო საუბარში თქვა.
დათა პაპამ მეუღლეს გარდაცვალების წინ სთხოვა, რომ სახლი არ დაეტოვებინა, მიეხედა კარ-მიდამოსთვის და მას ქართველები ამაში დაეხმარებოდნენ. ახლა, ვალია ბებო მარტოა, საზღვრებს მიღმა დარჩენილი, და ასრულებს საყვარელი მეუღლის უკანასკნელ თხოვნას.
“როგორც მე არ დავტოვე ეს სახლ-კარი, ისე შენ არ დატოვოო, არსად არ წავალ, დიდი იმედი მაქ უაპტრონოდ არ დამტოვებთ, ლუკმა-პური ყველაფერი მომაწოდეს. მთელიღამე ვტიროდი ახლაც ვტირი.. მარგველაშვილი ისეთი ტკბილად მელაპარაკა გუშინ ისე მიყვარდაო დათა პაპაო თქვენ ნუ გეშინიათო. მთელი სოფლის ფასი იყოვო დათაო”- განაცხადა ვალია ბებომ, პრაიმტაიმთან საუბარში.
ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა (ვანიშვილი) გუშინ, 22 მარტს, დაკრძალეს. ადგილზე, დათა პაპას ნათესავები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები, თუმცა მათ შორის არ ყოფილა არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. შეკრებილ მოქალაქეებს, კი ოჯახისთვის პირადად მისამძიმრების საშუალება არ მიეცათ. მათ მავთულხლართების მიღმა, დათა ვანიშვილისთვის, პატივის მისაგებად, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
დათა ვანიშვილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2012 წელს მოჰყვა, სახლის წინ მას, მავთულხლართები აღუმართეს,თუმცა მან სახლის დატოვებაზე უარი თქვა და მავთულხლართებს მიღმა მეუღლესთან ერთად დარჩა.სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, დარჩენილი მიწის ნაკვეთი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ის ხშირად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას აწვდიდა მედიასაც. დათა ვანიშვილი ოკუპანტებმა ამის გამო ის არაერთხელ დააკავეს. დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, ის 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა.