მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა – ერთდღიანი სამხედრო მოქმედებების შემდეგ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ მიიღო წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მას რუსი სამშვიდობოების საშუალებით გადაეცა.
მათ აღიარეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს სომხების საბრძოლო პოზიციებზე, მთელ რიგ სიმაღლეებზე და სტრატეგიულ სატრანსპორტო კვანძებზე.
ამასთან დაკავშირებით, ყარაბაღის ხელისუფლება იღებს რუსული სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ– აცხადებს ყარაბაღის ხელმძღვანელობა.
შეთანხმების თანახმად საბრძოლო მოქმედებები 20 სექტემბრის 13 საათიდან შეწყდა.
განცხადებაში ასევე საუბარია სომხური ძალების სრული განიარაღების და მძიმე ტექნიკის გაყვანის შესახებ.
მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოებისა, უფლებების დაცვის და რეინტეგრაციის საკითხები 21 სექტემბერს, ქალაქ ევლახში სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილება.
ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა.უწყების ინფორმაციით ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერების თხოვნა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღეს. და ამ მიმართვის გათვალისწინებით “მიღწეულია შეთანხმება ანტიტერორისტული ზომების შეჩერების შესახებ“.
უწყების ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ანტიტერორისტული ზომების შეჩერებას შემდეგი პირობებით: “აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონში დისლოცირებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები და უკანონო შეიარაღებული ჯგუფები ყრიან იარაღს, ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო პუნქტებს და ექვემდებარებიან სრულ განიარაღებას; ამასთან, ხორციელდება მთელი საბრძოლო მასალისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა; ზემოაღნიშნული პროცესი ხორციელდება რუსულ სამშვიდობო კონტიგენტთან კოორდინაციით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სომხერთის პრემიერ მინისტრი, ნიკოლაი პაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის ხელისუფლებას ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია და სომხეთის ხელისუფლებამ ამ შეთანხმების შესახებ მხოლოდ ოფიციალური საინფორმაციო წყაროებიდან შეიტყო.
პაშინიანმა დასძინა, რომ ტექსტში მოხსენიებული სომხეთრის შეიარაღებული ძალები და სომხური ნაწილების მთიანი ყარაბაღიდან გაყვანა მათთვის გაუგებარია, რადგან სომხეთს 2021 წლის აგვისტოდან მთიან ყარაბაღში არმია აღარ ყავს. მისი თქმით, სომხური მხარე ცნობად იღებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების განცხადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც ნათქვამია, რომ ერევანი მხარს უჭერს ყარაბაღის სომხების გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია საერთაშორისო მექანიზმი ბაქოსა და ყარაბაღელი სომხების ურთიერთობების დასარეგულირებლად.