19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ფეისბუქ სტატუსს ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ გიორგის მკვლელობის ფაქტი მთლიანად აღდგენილია და მისი ჩამდენი პირები გამოკვეთილია, მედიის და ექსპერტების ნაწილი კი გამოძიებას ხელს უშლის:
“მიუხედავად იმისა, რომ როგორც მინიმუმ უკვე მესამე დღეა, საქმეში განთავსებული მასალებით მთლიანად აღდგენილია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილია მისი ჩამდენი პირები, გაუთავებელ მითქმა-მოთქმას ბოლო არ უჩანს.
მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტიკისა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჩვენზე მეტად უყვარდა გიორგი და ჩვენზე კვალიფიციურები არიან სისხლის სამართალწარმოებაში, მაგრამ როგორი შესაგუებელია მათი მხრიდან დამნაშავეების მხარდაჭერა და საქმის „გაფუჭების“ ყოველდღიური მცდელობა?!
პირველ რიგში განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი დამოუკიდებელ ექსპერტს, ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს, რომლის დამაჯერებელმა და მაღალკვალიფიციურმა რამდენიმე კომენტარმა ყველასთვის გასაგები გახადა, რომ სახელდახელოდ გაექსპერტებული უცხოელი მეგზურთუხუცესების, „ბოტასას“ და მსგავსი კარიკატურული პერსონაჟების გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის ბოლოს ყველას დასაცინი ხდება და სამარცხვინო საქმეა.
რომ არა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის ხელოვნურად ხელის შეშლა, მგონი ყველამ იცით, რომ იმ ფანატიკოსი მრევლის ისტერიკა და წყევლა-კრულვა, ჩემთვის წლების წინ უკვე გადატანილი სანახაობაა და დღესაც თანაგრძნობის თვალით ვუყურებ.
რატომ ექმნება საფრთხე სისხლის სამართლის საქმეს და რატომ ხდება დამნაშავეებისათვის ხელშეწყობა, არის ანბანური პროცესუალური ხრიკი, დებილიზმამდე მისული ტრიუკი, რომელიც პირველკურსელმა იურისტმაც კი იცის და ზოგიერთი ექსპერტ-პოლიტილოგით დაწყებული, ნავტანილჩამოფერთხილი პოლიტიკოსებით დამთავრებული მე რომ მსაყვედურობს: „რა გინდა, იძიონ თავისთვის ეს საქმე, შენ რას გიშლიანო“, ცოტა უხერხულია.
კონკრეტულ მაგალითზე აგიხსნით მარტივად და ამის შედეგ ნუღარ შემეკითხებით.
ერთ-ერთ არხზე, როგორც იქნა, მოახერხეს და „გამოააშკარავეს“ ვიღაც მოწმე, რომელსაც თურმე ნუ იტყვით და, დეატლურად მოუსმენია, საკუთარი ყურით: „როგორ გადააგდეს გიორგი და როგორ არ უნდა სცოდნოდა ეს შაქარაშვილების ოჯახს“, ამავე სიუჟეტში ჭკუა დაგვარიგეს, რომ „აგერ ბატონო ვიდეო კამერები და გამოიძიეთ რა უბედურება ხდებაო“.
ამ დროს რა ხდება?
ამოღებული ვიდეო ფირები, რომლებიც უამრავი საათისაგან შედგება და მათზე არაფერი არ ხდება, უნდა თუ არ უნდა სასამართლოს, ბრალდების მხარის მოთხოვნით უნდა გამოიკვლიოს სრულად. მოკლედ, რომ ვთქვათ მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის გამოსაკვლევად საჭიროა რამდენიმე სასამართლო პროცესი. გადაინაგარიშეთ ახლა ეს იმ ვიდეო ფირების საერთო რაოდენობაზე, რომელთა ალბათ 10% კი არ შეადგენს ეს მასალა და მიხვდებით, რომ მხოლოდ ვიდეო ფირების გამოკვლევას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვე და რა ეშველება დანარჩენ მტკიცებულებებს? ვიღაცა ქმნის სათანადო საფუძველს, რომ გავიდეს პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა (რომელიც არ აღემეტება 9 თვეს, საიდანც სასამართლოში საქმის განხილვის დროს დარჩენილი იქნება 6 თვეზე ოდნავ მეტი) და დამნაშავეები გამოვიდნენ ციხიდან.
გაგიკვირდებათ და, მოწმე აცხადებს, რომ „ამის სათქმელად“ ასეულობით პოლიციის განყოფილებიდან ვერ მიაგნო ვერც ერთს, მაგრამ მიაგნო „ბოტასას“ ტელეფონს, შემდეგ ამავე „ბოტასას“ რჩევით ერთ-ერთ არხთან ჩაწერა ინტერვიუ და გამოძიება არც კი გახსენებია.
ასეთი მცდელობები არის ურიცხვი და ისინი საფრთხეს უქმნის საპატიმრო ვადებს.
კატეგორიულად ვამბობ, რომ ამის გამკეთებლები მუშაობენ ბრალდებულების ინტერესებზე!
ახლა რაც შეეხება პირველ აბზაცში მითითებულ გარემოებას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ უკვე სამი დღეა ყველას, ვინც იცნობს საქმის მასალებს, ვინც იცის წერა-კითხვა, ვინც ელემენტარულად ერკვევა დაკითხვებსა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მარტივად მიხვდებოდა, რომ გიორგის გაეკიდნენ „ტოიოტა“-დან გადმოსული მხეცები, რომელთაგან სამი მათგანი გაეკიდა ხიდის გასწვრივ სირბილისას და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე, ხოლო ორმა მათგანმა ხიდზე გადმოუსვლელად ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე მეორე მხრიდან, სადაც გიორგი აღმოჩნდა ალყაში და იძულებული გახდა სირბილი გაეგრძელებინა მდ. არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. სადაც დაეწივნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და გადააგდეს მდინარეში.
ეს მასალები დიდი ხანია უკვე დევს სისხლის სამართლის საქმეში, გადაცემული აქვთ მხარეებს და შეგიძლიათ მისი წაკითხვა.“– წერს მირიან ნიკოლაძე.