“მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაცია „ვივამედთან” ერთად შეეცადა ჩემი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებას” – ამის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ქათამაძემ (ოფიციალური სახელი: გაფფარ ილმაზი) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმეის პროცესზე განაცხადა.
თემურ ქათამაძემ სხდომის გადადების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
- „ჩემი 48-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, გადაყვანილი ვიყავი კლინიკა „ვივამედში“, სადაც მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ ჩემ მიმართ ჩაატარა სპეცოპერაცია კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაციის მონაწილეობით. ორივე მხარე ცდილობდა ჩემი სიცოცხლის სიკვდილის საფრთხის ქვეშ დაყენებას, ჩემთვის არასათანადო კვების მიწოდებით, რომელიც ჩემნაირი 50 დღით მოშიმშილისთვის გამანადგურებელი იყო. [კვება] მომზადებული იყო ნორმალური პაციენტებისთვის…
- მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და „ვივამედის“ ადმინისტრაციის და მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად კვების აღდგენის მკურნალობა შევწყვიტე კლინიკა „ვივამედში“ და დავბრუნდი უკან მიგრაციის დეპარტამენტში ჩემი მკურნალობის მეორე დღეს. კლინიკიდან წამოვიღე კვების 5 კონტეინერი, ჩემს ოთახში შევინახე, განთავსებული არის 116-ე ოთახში, მტკიცებულების სახით, რაც კლინიკაში არასათანადოდ მომაწოდეს და ჩემი სიცოცხლე მიზანმიმართულად საფრთხის ქვეშ დააყენეს.
- აღნიშნულთან დაკავშირებით მარტის 17 რიცხვში პროკურატურაში საჩივარი შევიტანე და მოვითხოვე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მიხედვით ჩემ მიმართ განზრახ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება…. გთხოვთ, დრო მომცეთ აღნიშნული სპეცოპერაციის დეტალების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა საკითხების შეგროვებისთვის, გადადოთ ჩემი საქმის პროცესი“, – მიმართა ქათამაძემ მოსამართლეს.
5 მარტს, ღამე მე “ვივამედის” ჯოჯოხეთი დამანახეს, ჩემი სიცოცხლე უფლის მეშვეობით გადარჩა. ორმხრივი, ანუ მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და “ვივამედის” მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხით,ზეწოლის შედეგად ჩემი ნებისყოფა გატყდა და მოიპოვეს მათზე სრული დამორჩილება. ამის საფუძველზე იძულებით, ჩემი კვებითი აღდგენის მკურნალობა შევწყვიტე კლინიკა “ვივამედში” და დავბრუნდი უკან, მიგრაციაში. კლინიკიდან მიგრაციაში წამოვიღე ხუთი კვების კონტეინერი, რომელიც ჩემ ოთახში, შემდეგი პროცესებისთვის მტკიცებულების სახით არის განთავსებული”, – განაცხადა ქათამაძემ.
ქათამაძის უფლებებს საია იცავს. ადვოკატ მარიამ გაბროშვილის განმარტებით, თემურ ქათამაძისთვის საქართველოდან თურქეთში წასვლა საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც, ის საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მისი თქმით, ამას ქათამაძე წლების განმავლობაში ითხოვდა და შესაბამის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებდა, თუმცა ამის მიუხედავად, სახელმწიფომ მას უარი სამჯერ უთხრა. ადვოკატის განმარტებით, ქათამაძემ საკუთარი პოზიციების საჯარო დაფიქსირება უარის მიღების შემდგომ დაიწყო, რადგანაც თვლიდა, რომ თავშესაფრის მოთხოვნაზე სახელმწიფოსგან უარი დაუსაბუთებლად მიიღო.
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს.მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.