ექსპერტთა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციების კანონმდებლობის შესახებ, ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის ექსპერტთა ორგანომ, “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოელი აგენტების” (ე.წ. FARA-ს) შესახებ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვყენა.
დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონში გათვალისწინებული ზომები სერიოზულ გავლენას მოახდენს შეკრების თავისუფლების უფლებაზე და სხვა გარანტირებულ უფლებებზე.
ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის ექსპერტთა ორგანო წერს, რომ კანონის მრავალი დებულება არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილი მოთხოვნას ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებზე ნებისმიერი შეზღუდვის დაწესების შესახებ.
”აქტში არსებულ ზომებს სერიოზული გავლენა ექნება შეკრების თავისუფლების უფლებასა და სხვა უფლებებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის გარანტირებული.” – წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონის დებულებების გათვალისწინებით, რომლებიც ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიიღონ უცხოური დაფინანსება ევროპულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისი მიზნების მისაღწევად, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გადაჭარბებული ვალდებულებების, დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შეუზღუდავი ფარგლების, ჩანაწერების წარმოების მძიმე მოთხოვნებისა და დაწესებული ჯარიმების გადაჭარბებული ხასიათის გამო, კანონით გათვალისწინებული ზომები არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლად.
“ამ გარემოებებში, კანონის აღსრულება გამოიწვევს სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რაც არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ამ წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა ფართო სპექტრს და, ამგვარად, იქნება სრულიად შეუფერებელი”, – წერია დასკვნაში.