ამაზონის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა, მაკენზი სკოტმა ბოლო ოთხი თვის მანძილზე ქველმოქმედებაში 4.2 მილიარდი დოლარი დახარჯა. სკოტმა საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ ამ მიმართულებით გაჩერებას არ აპირებს. ბეზოსთან განქორწინების შემდეგ ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მოხვდა.
მის ფულს იღებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამერიკელებს პანდემიის დროს ეხმარებიან, მათ შორის სასურსათო ბანკები და გადაუდებელი დახმარების ფონდები.
“პანდემია დამანგრეველი დარტყმა გახდა იმ ამერიკელებისთვის, ვინც ისედაც ძლივს ახერხებდა თავის გატანას. ეკონომიკური და სამედიცინო შედეგები განსაკუთრებით მძიმეა ქალებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისა და ღარიბებისთვის. ამავე დროს, ამ პერიდში მილიარდერების სიმდიდრე გაიზარდა“ – დაწერა მან საკუთარ ბლოკში.
ამაზონის აქციების 25%–ის ღირებულება, რომელიც ბეზოსთან განქორწინების შემდეგ მაკენზი სკოტს დარჩა, წელს 23.6 მილიარდიდან 60.7 მილიარდამდე გაიზარდა. კორონავირუსის პანდემიას ეკონომიკის ბევრი სფეროს ნგრევა მოჰყვა, თუმცა ინტერნეტ ვაჭრობის ბუმი გამოიწვია.
50 წლის მწერალი და საზოგადოებრივი აქტივისტი ქალი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 18–ე ადგილს იკავებს. ამ სიის სათავეში კი მისი ყოფილი ქმარია.
წელს ივლისში სკოტმა ამავე მიზნებისთვის 1.7 მილიარდი დოლარი გაიღო.
საქველმოქმედო სფეროს ექსპერტები აღფრთოვანებულნი არიან როგორც თანხების მოცულობით, ასევე წინასწარი სამუშაოთი, რომელსაც მაკენზი სკოტი და მისი თანაშემწეები ატარებენ. თითქმის 6.5 ამერიკული საქველმოქმედო ფონდიდან მათ სკურპულოზურად შეარჩიეს თავდაპირველად 116, შემდეგ კი 380 ფონდი.
სკოტის თქმით, ასობით გასაუბრება ჩატარდა და დოკუმენტების ათასობით ფურცელი გაანალიზდა, რომლებიც ადამიანების კონკრეტულ საჭიროებებს და ორგანიზაციების ეფექტურობას ეხებოდა.
უპირატესობა მიენიჭათ ორგანიზაციებს, ვინც იმ ადამიანების ჯგუფებთან მუშაობენ, რომლებიც კვების, რასობრივი უთანასწორობის, ლოკალურად კონცენტრირებული სიღარიბის და საქველმოქმედო კაპიტალთან ხელმისაწვდომობის ნაკლებობის გამო ყველაზე მეტად ზარალდებიან.
გასულ წელს მაკენზი სკოტმა ხელი მოაწერა “გაცემის ფიცს“, ანუ მორალურ ვალდებულებას საკუთარი ქონების მინიმუმ ნახევარი საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯოს.
კამპანიას, რომელიც 2010 წელს ბილ გეთსმა და უორენ ბაფეტმა დაიწყეს, იმ დროისთვის მსოფლიოს 23 ქვეყნიდან 204 მილიარდერი შეუერთდა, მათ შორის მაიკლ ბლუმბერგი, ჯორჯ ლუკასი, დევიდ როკფელერი და მარკ ცუკერბერგი.
“მე მეტისმეტად ბევრი ფული მაქვს და მინდა ის სხვებს გავუზიარო“ – დაწერა მაშინ სკოტმა.
2020 წელი მსხვილი ბიზნესმენების, ცნობილი სახეების, სპორტსმენების და ვარსკვლავების მხრიდან მაშტაბური ქველმოქმედებით გამოირჩეოდა.
ერთ–ერთი ყველაზე გულუხვი ტვიტერის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი აღმოჩნდა, რომელმაც აპრილში კორონავირუსთან საბრძოლველად მისი პირადი ქონებიდან – 3.9 მილიარდი დოლარიდან ერთი მილიარდი დოლარი გაიღო ქველმოქმედებისთვის.
ბილ გეითსმა და მისმა ცოლმა, მელინდამ საკუთარი ფონდიდან 305 მილიონი დოლარი გადარიცხეს ვაქცინის შესაქმნელად და სადიაგნოსტიკო აღჭურვილობის შესაძენად.
ჰარი პოტერის ავტორმა, ჯოან როულინგმა მილიონი ფუნტი შეიტანა უსახლკაროთა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, რომელთა რიცხვი ლოკდაუნის დროს გაიზარდა.
ფეისბუქის მფლობელმა, მარკ ცუკერბერგმა და მისმა ცოლმა პრისცილა ჩანმა 300 მილიონი დოლარი გადარიცხეს “ამერიკული არჩევნების დასაცავად“. ამ თანხის დიდი ნაწილი არაკომერციულ ორგანიზაციას “სამოქალაქო ცხოვრების ტექნოლოგიურ ცენტრს“ გადაეცა და საარჩევნო კომისიების თანამშრომელთა ანაზღაურებას და კორონავირუსისგან დამცავი საშუალებებით მათ აღჭურვას მოხმარდა, ასევე სპეციალური ყუთების ქსელის შექმნას, რომლებშიც ამომრჩევლებს უბნებზე მიუსვლელად საკუთარი შევსებული ბიულეტენების ჩაგდება შეეძლოთ.
კალათბურთის ვარსკვლავმა, მაიკლ ჯორდანმა ივნისში განაცხადა, რომ შემდეგი10 წლის განმავლობაში 100 მილიონ დოლარს შეწირავს რასობრივ უთანასწორობასთან ბრძოლას, მათ შორის მოძრაობას Black Lives Matter.