უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინულმა არმიამ რუსეთის 5260 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. მათ შორის არის კრეისერი “მოსკოვი“, რომელიც უკრაინასთან ომში ამ დრომდე რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგია.
14 აპრილის ღამეს უკრაინულმა რაკეტებმა “ნეპტუნი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, ყველაზე ძლიერი შეიარაღების მქონე ხომალდი გაანადგურეს. კრეისერი გადაბრუნდა და ჩაძირვა დაიწყო – ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული მეთაურობის ოფიციერი ნაზაროვი. “გაჩნდა ხანძარი. საზღვაო ქვედანაყოფების სხვა ერთეულები მის დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა შტორმმა და საბრძოლო მასალის ძლიერმა აფეთქებამ კრეისერი გადააბრუნა და მან ჩაძირვა დაიწყო“– ამბობს ნაზაროვი.
უკრაინული ფორბსის ინფორმაციით, დაზიანებული ხომალდი 750 მილიონი დოლარი ღირს. რედაქციამ სავარაუდო ღირებულება “მოსკოვის“ იმავე კლასის კრეისერ “უკრაინასთან“ შედარებით გამოითვალა, რომელიც 1995 წელს 720 მილიონი დოლარი ღირდა.
2020 წელს კრეისერი “მოსკოვი“ გაარემონტეს. რემონტის ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით სავარაუდო თანხა 30 მილიარდი რუბლია, რაც დღევანდელი კურსით 363 მილიონი დოლარია.
რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით მთელი ეკიპაჟი ევაკუირებულია, რაც ფორბსის აზრით იმას ნიშნავს, რომ ხომალდი წყლის ზედაპირზე ვეღარ დარჩება და მას ჩაძირავენ.
ამ ხომალდის აფეთქებამდე უკრაინასთან ომში რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგი თვითმფრინავი Ил-76 იყო. მისი ღირებულება 86 მილიონი დოლარია. სულ უკრაინულმა არმიამ 160 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება 3.8 მილიარდი დოლარია.
Ил-76–ის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგი სადესანტო გემი “სარატოვია“, რომელიც ბერდიანსკის პორტში აფეთქდა. უკრაინულმა ძალებმა მას დარტყმა 24 მარტს მიაყენეს. ეს იყო რუსეთის პირველი სამხედრო ხომალდი, რომელიც ოკუპირებულ პორტში შევიდა და ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა შეიტანა, მათ შორის ჯავშანმანქანები. “სარატოვის“ ღირებულება 75 მილიონი დოლარი იყო.
სულ ჯამში 5260 განადგურებულ ერთეულს შორის იყო:
144 ვერტმფრენი
160 თვითმფრინავი
753 ტანკი
1437 ერთეული საავტომობილო ტექნიკა
1968 საბრძოლო ბრონირებული მანქანა.
ფორბისის გათვლებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა მინიმუმ 10.8 მილიარდი დოლარის ტექნიკა დაკარგა. უკრაინულმა ძალებმა ისინი ჯართად აქციეს.