ივერი მელაშვილი მისი საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას მადლობას უხდის, თუმცა აცხადებს, რომ არ სურს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების შესვლის საკითხზე ვაჭრობის საგანი გახდეს.
ის არ მიესალმება მისი გათავისუფლების სანაცვლოდ რომელიმე პარტიის მხრიდან საპარლამენტო “ბოიკოტზე ხელის აღებას.”
“ეს არის ხალხის ერთობლივი გადაწყვეტილება. თითოეული პარტია ვალდებულია, რომ ეს პირობა დაიცვას. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცამ დამსახურება მიიწეროს, რომ, აი, მე რაკი დავაყენე საკითხი და ამის გამო შევალ პარლამენტში, ეს არასწორია. არ მინდა ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოვადგენდე.
ვთხოვდი, გინდა ელისაშვილს, ვინც გინდა იყოს, დიდი მადლობა ბატონებო მხარდაჭერისათვის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება. რაკი მოილაპარაკეთ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ეს მოლაპარაკება. ასე მიაღწევთ წარმატებას, თუ მიაღწევთ და ასე მიაღწევს ქვეყანა წარმატებას. თუ ამას ვერ ასრულებთ, თავი დაანებეთ იმას, რომ, აი, მელაშვილი გამოუშვეს და ამის გამო პარლამენტში შევალ, ნურას უკაცრავად”, – ამბობს მელაშვილი.
მელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის საკითხზე ვაჭრობის საგნად ქცევას ურჩევნია კვლავ საპატიმროში დაბრუნდეს.
“წამიყვანონ უკან და ჩავჯდები. ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ ვინმემ გამომიყენოს იმისთვის, რომ აი გამომიშვეს და პარლამენტში შევა”, – ამბობს მელაშვილი.