“ოცნება“ ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ! – ივანიშვილი

“მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ!” – განაცხადა ამის შესახებ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა.

“დღეს, ამ რთული გზის ბოლოს, როდესაც ქვეყანა თითქმის გავიყვანეთ სამშვიდობოს, ბრძოლის მთავარი ხაზი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადის. უფრო მარტივად რომ გითხრათ, 26 ოქტომბერს დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას!

თუკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რაშიც არა მხოლოდ მე, არამედ მთელი საქართველო, მათ შორის, ჩვენი ოპონენტებიც დარწმუნებულები არიან, არა მხოლოდ მშვიდობას შევინარჩუნებთ და ქვეყანას გადავარჩენთ, არამედ გავიმარჯვებთ, რადგან წინ განვითარების და აღმშენებლობის წლები და ევროკავშირში ინტეგრაცია გველის.

თუმცა, ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!

საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი, საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს! ამასთანავე, მთელს საერთაშორისო საზოგადოებას დაანახებს, თუ ვის ანდობს ქვეყანას ქართველი ხალხი, რომელიც არა მხოლოდ ღირსეულ ევროპულ მომავალს, არამედ, ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს! ამას გარდა, რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ, ვრცლად განვმარტე, თუ რატომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. დღესაც, კიდევ ერთხელ, მოკლედ შეგახსენებთ:

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, კონსტიტუციის დონეზე ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს, ხოლო საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილი, მათ შორის, ყველაზე მძიმე – ომის დანაშაულის გამო, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს;

კონსტიტუციის დონეზე  გავამყარებთ არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხს;

კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებითაც, რაც კონსტიტუციის დონეზე აისახება;

არავის მივცემთ საშუალებას, რომ საჭირო დროს, საქართველოს მშვიდობიანი გზით გამთლიანებისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აღუდგეს წინ!

მოკლედ, ყველაფერი დღესავით ნათელია – 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დგება სამშობლოს შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გადამწყვეტი დღე.

თქვენი შემხედვარე, მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს!

მე კი გარწმუნებთ, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს დავალაგებთ, ყველა ქარტეხილს ღირსეულად გადავლახავთ, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება!

ჩვენი ქალაქები, ჩვენი სოფლები არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება მშვიდობით და სიცოცხლით სავსე, რადგან „ქართული ოცნებაა“ ამის გარანტი!

პირადად გაძლევთ პირობას, მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ!

ჩვენ კი ვირჩევთ არა ომს, არამედ მშვიდობას, არა მონობას, არამედ თავისუფლებას, არა სიღარიბეს, არამედ კეთილდღეობას, არა ბუნდოვან, არამედ თანასწორობაზე დაფუძნებულ ღირსეულ ევროპულ მომავალს!

ჩვენ ვივლით მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, და კეთილდღეობით ევროპისკენ!” – განაცხადა ამის შესახებ ივანიშვილმა.