“პოდოლიაკის ეს გამოთქმა და შეფასებები არის უტიფარი. ის თუ იმის შემდეგ ვერ მიხვდა, საქართველო ვისკენ არის, რაც [საქართველომ] რუსეთის მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის არის ტრიბუნალისადმი მიმართვა, ასევე, მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რუსეთის გარიცხვა, მაშინ პოდოლიაკი ან უტიფრად აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას, რაც ასევე არ არის გასაკვირი, ან პრაქტიკულად, საერთოდ ვერაფერს ხედავს, რეგიონში უკრაინის გარშემო რა ხდება. ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკები იმისთვის, რათა უკრაინას მივაწოდოთ. მაგრამ, გაგვაჩნია ელექტროგენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული რესურსი, რასაც მათ ვაწვდით. აღმოჩნდა, რომ ამ მაჩვენებლითაც მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ იმ უკრაინელ ხალხს მივხედოთ, ვინც საქართველოში ცხოვრობს – მათ ბავშვებს სკოლაში სწავლის საშუალება მივცეთ, მათი პედაგოგები დავაფინანსოთ. თუ ამის შემდეგ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება თავისუფლად, ყველაზე რბილად შეიძლება შევაფასოთ, როგორც უტიფარი”.
აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებების შეფასებისას.