ქუთაისის მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან, ხატია დეკანოიძემ მასზე ფარული მოსმენის გამო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
მისი თქმით, სარჩელი ყველამ უნდა შეიტანოს, ვისაც უსმენდა სუს-ი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს საქმეები გამოიძიონ.
“მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვისზეც არის ინფორმაცია იმ მასალებში, რომელიც ყველამ ვნახეთ, რომ ტოტალური კონტროლი და ფარული მიყურადებაა სუს-ის მიერ, უნდა შეიტანოს სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში. ჩემი ეპიზოდი, რომელიც გავიდა საინფორმაციო საშუალებებში, ეს იყო ჩემი საუბარი, ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებს შორის.
ამიტომ მე დღეს შემაქვს სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე. არ მაქვს იმედი, რომ ეს პროკურატურა, სუსი ან შსს გამოიძიებს ამ მასობრივ კონტროლს, მაგრამ მაშინ, როცა ოცნება ხელისუფლებას ჩამოშორდება და გვექნება თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა, ჩემი განცხადება იქნება გამოძიებული”,– განაცხადა დეკანოიძემ.