ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს France-Presse–ის ქართველი ჟურნალისტი, ირაკლი მეტრეველი ფეისბუქზე წერს, რომ მას სააგენტოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნეკროლოგის მომზადება თხოვეს:
“მოგეხსენებათ, ცნობილი ადამიანი ასაკში რომ შედის, ან თუ მისი სიკვდილის სერიოზული რისკი არსებობს, მსხვილი მედია საშუალებები წინასწარ წერენ ნეკროლოგს. ამასწინათ მიშას ნეკროლოგის დაწერა მთხოვეს.“– წერს ირაკლი მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის სასჯელაღსრულების 12–ე დაწესებულებაში 33-ე დღეა შიმშილობს. მისი ადვოკატები და მხარდამჭერები პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ, სადაც მას საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში სააკაშვილს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ, რაზეც სააკაშვილი უარს ამბობს.
სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, რომელმაც ის ორშაბათს საღამოს მონახულა, ექსპრეზიდენტი გუშინდელთან შედარებით უფრო სუსტადაა.
მისი თქმით, ხვალ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით სხვადასხვა ტესტები ჩაუტარდება.
„დღეს ცოტათი უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები, რომელზეც ჯერ უარი იყო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. ყველანაირი ტესტები გაუკეთდება. ციხის ექიმებთან ერთად ჩვენ ვთხოვეთ ექიმებს, რომ თუ შეიძლება კიდევ ერთი ტესტი ჩავატაროთ, არ მოგვწონს მდგომარეობა, რაზეც დათანხმდა. დასუსტებული იყო, წნევის თამაში იყო, პულსი სხვადასხვა იყო დღის განმავლობაში”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.