მიშელს ვუთხარით, რომ რეფორმების დიდი ნაწილი შესრულებულია – საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს კიდევ ერთხელ დაუდასტურა იმ რეფორმების ერთგულება, რომელიც 19 აპრილის დოკუმენტით შეთანხმდა.
“გუშინ პრემიერმინისტრს ჰქონდა ძალიან თბილი და მეგობრული შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, არაფორმალურ ვითარებაში. იყო საუბარი იმ შეთანხმებაზე, რომელიც მისი მედიაციით განხორციელდა. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რა რეფორმებზეც არის ლაპარაკი 19 აპრილის შეთანხმებაში. იყო დადასტურებული, რომ ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული, ასევე ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება მომავალშიც, რადგანაც რეფორმების მიმდინარეობა და მისი შესრულება არის პროცესი და ამ პროცესს ჩვენ თანმიმდევრულად გავყვებით მომავალშიც. ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელზეც ლაპარაკია 19 აპრილის შეთანხმებაში, იქნება შესრულებული”. – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კიევში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. „მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ”.