მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება საბოლოოდ უნდა დასრულდეს. წერილს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
“2021 წლის პირველ ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და ის მაშინვე დააპატიმრეს იმ სასჯელისთვის, რომლისთვისაც იგი დაუსწრებლად იყო გასამართლებული.
ცნობილია, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილი ერთ-ერთი იყო იმ ათეულობით ყოფილ ჩინოვნიკთა შორის, რომლებიც მათმა მემკვიდრეებმა გაასამართლეს.
მიუხედავად ამისა, ბრალდება საერთაშორისო დონეზე არასდროს იყო აღიარებული და ის არავის დაუკავებია, ან არ გადაუწყვეტია მისი ექსტრადირება მაშინ, როცა ის აგრძელებდა მუშაობას და მოგზაურობას საზღვარგარეთ, რადგან ეს ბრალდებები აღიარებული იყო პოლიტიკური დევნის დადგენილი მოდელის ნაწილად.
ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად, რაც გამოწვეულია თავისუფალი პრესის კონტროლის, ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთავლის მცდელობებით; და მართვაში პოლიტიკური ოპოზიციისთვის სივრცისა და რესურების შეზღუდვით.
ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედებების დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ.
უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი.
ახლა დუმილის დრო აღარ არის. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველი განცხადების გათვალისწინებით და საქართველოს დემოკრატიის არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის უზრუნველსაყოფად, სააკაშვილს პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე, მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისათვის.
იმის გამო, რომ საქარათველოში არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობა, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის განმუხტვას პროცესის წინსვლისთვის.
პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიააცით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით უარყო ქართულმა ოცნებამ.
პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომლის ნახვაც ქართველ ხალხს სურს თავისი ერის მომავლისთვის”.- ნათქვამია განცხადებაში.
“ფორმულას” ინფორმაციით, განცხადების ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა და წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები.