“ჩვენ მართლაც გავანადგურეთ ბუნება, გადავემტერეთ ერთმანეთს, მოვიძულეთ ერთმანეთი, შუღლსა და მტრობას მიაქვს სამყარო და ახლა, როდესაც ჩვენ აღდგომის დღესასწაულს ვზეიმობთ, ჩვენ ლიტურგიას ვიხდით ომის აჩრდილის ქვეშ, მტრობისა და სიძულვილის, სისხლისღვრის ქვეშ.
იესოს მკვდრეთით აღდგომა გვეუბნება, რომ როგორ ცუდადაც არ უნდა წავიდეს საქმე, როგორი უკეთურების მოწმეც არ უნდა შევიქმნეთ, არსებობს იმედი. არსებობს იმედი, რომ შეუძლებელი შესაძლებელი გახდება, რომ სიძულვილი სიყვარულად შეიცვლება, რომ მტრობა მეგობრობად შეიცვლება, რომ ღმერთს სიცოცხლე არ მობეზრდება ჩვენი ყურებით. ჩვენი რწმენა ამას ეფუძნება, რომ ვიდრე ადამიანი ცოცხალია, ვიდრე ჩვენ დავდივართ ამ დედამიწაზე – არსებობს მომავალი.
იესოს არასდროს არ ურჩევია ჩვენთვის, არც აღდგომამდე და არც მას შემდეგ, რომ ჩვენ ვყოფილიყავით რელიგიურები, არ დაუვალებია იესოს არცერთი თავისი მიმდევრისათვის, რომ ყოფილიყვნენ რელიგიურები, არც ის დაუვალებია თავისი მოწაფეებისათვის, რომ ისინი ეკლესიურები ყოფილიყვნენ, ან რომელიმე მიმდინარეობის ნაწილი ყოფილიყვნენ. ის, რაც იესომ დაავალა თავის მოწაფეებს იყო სრულებით მარტივი – გაჰყოლოდნენ მას და მშიერისთვის პური ეჭმიათ, მწყურვალისთვის წყალი დაელევინებინათ, შიშველი შეემოსათ, პატიმარი გაეთავისუფლებინათ, ავადმყოფი მოენახულებინათ, უპატრონო მკვდარი დაემარხათ.
იესოს რელიგია არასდროს არ აინტერესებდა, და თუ ჩვენ გულდასმით წავიკითხავთ სახარებას, აღმოჩნდება, რომ იქ, სადაც იესო ყველაზე მეტ კრიტიციზმს იჩენს, არის სწორედ რელიგიური ადამიანების მიმართ. იესო ხედავდა, და თქვენც ხედავთ, რომ რელიგიური ადამიანებისთვის დამახასიათებელია სიბნელე, იმის მაგივრად, რომ მათთვის დამახასიათებელი იყოს სინათლე. მტრობა, იმის მაგივრად, რომ მათთვის დამახასიათებელი იყოს მეგობრობა.
[…] იესოს არასდროს არ გაუკიცხავს ადამიანი ცოდვის გამო, იესოს არასდროს არ გაუკიცხავს ადამიანი განსხვავებული რელიგიურობის გამო, იესოს არასდროს არ გაუკიცხავს ადამიანი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო. იესოს არავინ გაუკიცხავს დედამიწის ზურგზე იმის გამო, რომ ის აღიარებდა რწმენას, რომელიც მისთვის მიუღებელი იყო. მაშ რატომ არის, რომ იესოს მიმდევრები ასე მტრობენ განსხვავებულებს? იქნებ უნდა მოვიდეს დრო, როდესაც განსხვავებულობის შიში კი აღარ გვექნება, არამედ უნარი, რომ ვიზეიმოთ განსხვავება – ეთნიკური, რელიგიური, კულტურული, სხვა. ყველა ადამიანში დავაფასოთ ის, რაც მასში არის, და თუ კი ეს ასე იქნება, ადამიანთა ცხოვრება იქნება მოწყობილი იმ მხრივ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ ზრდაში.”
თქვა სააღდგომო წირვაზე საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა.