მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, შეასრულეთ შეთანხმება – დეგნანი

აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი პარტიებს მოუწოდებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება. მისი თქმით, მისი მიზანია მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება.

“ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და სწორედ ამიტომ არის ჩვენი თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროსთან ასეთი მნიშვნელოვანი. გასული წლის არჩევნების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პერიოდში ვიხილეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. სწორედ ამიტომ კმაყოფილება გამოვთქვით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლო რეფორმის შესახებ, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული.

ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით. მიზანი არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და გაძლიერება. ეს არის საქმე, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ და რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება”, – ამბობს კელი დეგნანი.

ცნობისთვის, შეთანხმების მიუხედავად, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.

ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს აქვს ინიციატივა, რომ თუ მმართველი ძალა მოსამართლეების დანიშვნას გააგრძელებს, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. მას ეთანხმებიან პარლამენტის ცალკეული დეპუტატები.

კელი დეგნანი და საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეაჩერონ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.