მნიშვნელოვანია, “პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში – კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პატრიოტთა ალიანსის “რუსული შემადგენელი” პარლამენტში არ შევიდა.

“მნიშვნელოვანია ის, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში და მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, სადაც არც ერთი ღიად პროროსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები, აქ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას”. ეს პროცესი გაგრძელდება და პარლამენტი იქნება მრავალპარტიული”,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას ელოდებიან.

დღეს პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით 4 დეპუტატი შევიდა. ისინი არიან: ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე. მათი განცხადებით, პარტიას ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ ძალას – “ევროპელ სოციალისტებს” აფუძნებენ.