მოემზადეთ, შეასრულეთ რეკომენდაციები, მოხდება ეტაპობრივი შემოწმება- თურნავა ბიზნეს სუბიექტებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნეს სუბიექტები ეტაპობრივად შემოწმდებიან, ამიტომ ისინი უნდა მოემზადონ და დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობს.

„ჩვენ შექმნილი გვაქვს საგანგებო შტაბი, რომელშიც შედის სხვადასხვა უწყება. მოქმედი ბიზნესების, ეკონომიკური სუბიექტების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს წესების მიერ გაიდლაინების შესრულებაზე კონტროლს ვახორციელებთ სხვადასხვა უწყებებთან ერთობლივად. ეს შემოწმება გეგმაზომიერად ჩატარდება, მინდა ყველა მოემზადოს ამისთვის. მაქსიმალურად დაიცავით საკუთარი თანამშრომლები. შეასრულეთ ყველა რეკომენდაცია. ყველას მკაცრად მოვთხოვთ ვალდებულებების შესრულებას ყველა მოქმედ სუბიექტს“,- განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, მთავრობას ესმის, რომ მკაცრი ზომებით ბიზნესი და ეკონომიკა ზარალდება, თუმცა ამას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს და ამ წესებით ცხოვრება ისწავლოს.

„ჩვენ ახლა პრაქტიკულად ვიმყოფებით კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. პრეკრიზისულ პერიოდში, ამიტომ გამკაცრდა მიდგომები რიგ საკითხებთან მიმართებაში. 31 მარტიდან ამოქმედდა ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმები, ეს გავრცელდა ეკონომიკურ საქმიანობასა და ბიზნესზე. გვესმის, რომ ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ ვითარებას, რადგან პირველ რიგში ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ბიზნესში დასაქმებული ადამიანები.

აქცენტს კვლავ ვაკეთებთ ეპიდემილოგების და ინფექციონისტების წესების დაცვით. მივმართავ ყველა ბიზნესს, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით. ეს არის რთული, მაგრამ ბიზნესების შემდგომი ფუნქციონიორების აუცილებელი წინაპირობა იქნება და ამას გავაკონტროლებთ. გუშინ გამოქვეყნდა და შეგიძლიათ ნახოთ ჩამონათვალი იმ სექტორების და დარგების, რომელიც რჩება ფუნქციონირებაში, თუმცა გარკვეული დათქმებით და პირობებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, მთავრობამ იმ საქმიანობის და ორგანიზაციების დაზუსტებული სია გამოაქვეყნა, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობა არ ეკრძალებათ.