მოეწონა ხელისუფლებას კანონგარეშე არსებობა, როდესაც ადამიანები ტერორის ქვეშ ჰყავთ – ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ახალ კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მთავრობა შეძლებს,  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე სხვადასხვა შეზღუდვები დააწესოს.

მისი თქმით, ხელისუფლებას მოეწონა კანონგარეშედ არსებობა. ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ დეპუტატები, რომლებიც ამ კანონს ხმას მისცემენ, მომავალში აუცილებლად დაისჯებიან.

„როგორც ჩანს მოეწონა ხელისუფლებას ასე კანონგარეშე არსებობა, როდესაც ადამიანების უფლებები დარღვეულია, როდესაც ადამიანები ტერორის ქვეშ ჰყავთ; ძალიან მოეწონა საუკუნეების განმავლობაში მოპოვებული ფუნდამენტალური უფლებების ერთი ხელის მოსმით ჩამორთმევა. ამიტომ, ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც ამ კანონს ხმას მისცემს, მომავალში აუცილებლად დაისჯება”,– აცხადებს ჭიჭინაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერი შეკრება, რომელსაც ,,ქართული ოცნება” არ ჩაატარებს, შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს.

,,თუმცა, ყველას გვახსოვს ისიც, რომ ახლანდელი პრემიერი, ჯერ კიდევ შს მინისტრობის დროს დარბოდა თავის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალებით, საჭირო იყო თუ არა და კინაღამ „ააფეთქა“ ქვეყანა არაერთხელ და ახლა წარმოიდგინეთ, არჩევნების დროს რომ იქნება ასეთი უფლებები, რა მოხდება მერე?! ანუ, ნებისმიერი შეკრება, რომელსაც ჩაატარებს არა „ქართული ოცნება“ , დიდი ალბათობით შესაძლოა კანონგარეშე გამოცხადდეს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ხვალ ბიუროს სხდომაზე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება მოხდება, რაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას შეზღუდვების გარეშე მისცემს.

პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.