ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის სამამომავლოდ გადაცემულ ტყეებს სასულიერო პირები დაიცავენ და შემდეგ თაობებს გადასცემენ, სხვა დანიშნულება ტყეს არ აქვს.
“არავის არაფერი მოუცია. ეს ჯერ კანონია და ვის რამდენს მისცემენ ეს უნდა განიხილოს, ალბათ, იმ კომისიამ, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებში შეიქმნება… ჩვენ ვთქვით, რომ გავუფრთხილდებით, მოვუვლით და მომავალ თაობას გადავცემთ. სხვა რა დანიშნულება აქვს ტყეს, რა უნდა გავუკეთოთ ტყეს”, – განაცხადა მეუფემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 22 მაისს საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.
ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონშიც. პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.