აშშ-ის საელჩო საქართველოში პარლამენტის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს და მხარეებს მოუწოდებს, სრულად შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება.
“აშშ-ის საელჩო ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას. ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ”, – წერს საელჩო განცხადებაში.
დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილების კონსტიტუციურ კანონის მხარი დაუჭირა, 5-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ევროპულმა საქართველომ. პარტიის განცხადებით, თუ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს, შემდეგ მოსმენებზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ევროპული საქართველოსგან განსხვავებით, დღეს პარლამენტში არ მივიდა ნაციონალური მოძრაობა. პარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება და ციხეს გიორგი რურუა დატოვებს.