კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”,ნიკა გვარამიას მიმართ გავრცელებულ მუქარას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გამოძიება დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით, კოალიცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
“დღეს, ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მედიის ნაწილი მიიწვიეს. პრემიერის პრესსამსახურის განმარტებით, “პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.” შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული ტელეკომპანიების მიწვევა ღონისძიებაზე.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ “მთავარი არხის” დირექტორს ნიკა გვარამიას ძალადობრივ ჯგუფის წევრები ალტ – ინფოს ფეისბუკ არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის უფლებების დარღვევის ფაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 2021 წლის 5 – 6 ივლისს მედიაზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10 ზე მეტი მედიის 53 წარმომადგენელი. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მიღებული დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა.
კონკრეტული მედიასაშუალებების პრემიერის მონაწილეობით საჯარო ღონისძიებაზე გაშუქებაზე უკანონო შეზღუდვა ლახავს როგორც მედიის უფლებას განახორციელონ საკუთარი პროფესიული მოვალეობა, ასევე საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას ინფორმაცია მიიღონ საჯარო ინტერესის შემცველი ღონისძიების შესახებ. იმ ფონზე, როდესაც მედიის წარმომადგენლები არაერთი ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი არიან, პრემიერის დღევანდელი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება აძლიერებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, ახალისებს დამატებით ძალადობას, იძალადონ, დააშინონ, მტრულად ან დისკრიმინაციულად მოეპყრონ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.
მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ მინისტრს მაღალი საჯარო პასუხისმგებლობის ფარგლებში შეწყვიტოს მედიის დისკრედიტაცია.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების თაობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.