“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება შეწყვიტოს!” – მედიის თავისუფლების კოალიციის (MFC) თავმჯდომარეები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას აქვეყნებენ სადაც ნათქვამია, რომ ძალადობისა და მუქარის ყველა შემთხვევა საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.
”მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარეები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ პრო-ევროპულ საპროტესტო აქციებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ ძალის გადამეტების, ძალადობისა და დაკავებების გამო.
28 ნოემბრის შემდეგ “საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ” ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის 70-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. მათ შორის არიან ქალი ჟურნალისტებიც.
ჩვენ ვგმობთ ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ წარმოებულ, ნებისმიერ მუქარასა და ძალადობას. მათ უნდა შეეძლოთ საზოგადოების ინფორმირება ძალადობისა და ხელის შეშლის შიშის გარეშე. ძალადობისა და მუქარის ყველა შემთხვევა საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლების კუთხით”.
განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციის თავმჯდომარეები, ესტონეთი და გერმანია. განცხადებას ასევე მხარს უჭერენ:
- ავსტრალია
- ავსტრია
- ბელგია
- ბულგარეთი
- კანადა
- ჩილე
- ჩეხეთი
- დანია
- ფინეთი
- საფრანგეთი
- ისლანდია
- იტალია
- ლატვია
- ლიტვა
- ლუქსემბურგი
- ახალი ზელანდია
- ნორვეგია
- პორტუგალია
- სლოვენია
- შვედეთი
- შვეიცარია
- ნიდერლანდები
- გაერთიანებული სამეფო
- აშშ
- ურუგვაი