პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ პარლამენტში 17 ოპოზიციონერი დეპუტატი შევა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩაერთოს ყველა პოლიტიკური პარტია და დავასრულოთ პოლარიზაცია. ყველა შემდგომი არჩევნები იყოს არჩევნები არა ძირითად ორ მოთამაშეს შორის, არამედ მრავალ პარტიას შორის. მიგვაჩნია, რომ მოინახება ოპოზიციაში 17 ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი, ვინც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამაზე უარის თქმა იქნება ქვეყნის ინტერესების ღალატი”, – ამბობს ლევან იოსელიანი.
დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, არჩევნებში ბარიერი 5%-დან 3%-მდე იწევს, ხოლო საპარლამენტო ფრაქციის შექმნა 4 ადამიანს შეეძლება.
საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის 113 წევრის ხმა სჭირდება, ამჟამად კი საკანონმდებლო ორგანოში 96 დეპუტატია, შესაბამისად, ცვლილებების განსახორციელებლად დამატებით 17 ოპოზიციონერის შესვლაა საჭირო.