დასავლეთის მოკავშირეები, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, არ დაუჭერენ მხარს კიევს, თუ ის საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანს, განაცხადა კვირას პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
„არსებობს დიდი რისკი, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად დავრჩებით მარტო“, – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში, კითხვაზე, მოვიდა თუ არა ასეთი ქმედებების დრო.
მისი თქმით, მოკავშირეებთან ურთიერთობა უკრაინას გადამწყვეტად დაეხმარა ტერიტორიის დაბრუნებისთვის ბრძოლაში. პროგრესი და პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება ბრძოლის ველზე, „ყოველთვის ორმხრივია“, დასძინა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორები არიან კიევის ნებისმიერი გამარჯვების თუ კონტრშეტევის დაგვიანების ნაწილი. მისი თქმით, დასავლელ მოკავშირეებს ესმით კონტრშეტევასთან დაკავშირებული ყველა სირთულე.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლებლად მიაჩნია ანექსირებულ ყირიმში „რუსეთის დემილიტარიზაციის მიღწევა“ პოლიტიკური საშუალებებით.
უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვზე, ბოლო თვეებში გაიზარდა. უკრაინა ჩვეულებრივ უარყოფს უშუალო მონაწილეობას ამ თავდასხმებში, მაგრამ კიევი იღებს პასუხისმგებლობას ანექსირებულ ყირიმზე დრონების თავდასხმებზე და ჰპირდება, რომ კიდევ იქნება.