მოსამართლემ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ ცნო

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ, იოსებ ბაბაევის საქმეზე, 4-5 ივნისს ჩატარებული ყველას საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უკანონოა ბაბაევის პირადი და მანქანის ჩხრეკა, ასევე მანქანისა და ტანსაცმლის ამოღება – “ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნეს ცნობილი” თქვა დარბაიძემ.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საეჭვო გარემოებებზე მიუთითა, მათ შორის ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ოქმზე. კერძოდ, ერთ-ერთ ოქმში პირველისგან განსხვავებით გაჩნდა გარკვეული ჩანაწერები. მოსამართლემ ბრალდების მხარეს ჰკითხა, როგორ გაჩნდა სასამართლო სხდომაზე ორი განსხვავებული ოქმი, პასუხად კი მიიღო, რომ ოქმში მტკიცებულებების ნაწილი Xerox-ის შედეგად გაჩნდა.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი, იოსებ ბაბაევი სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გათავისუფლდება.