რუსეთის ფედერაცია თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ კვლავ დეზინფორმაციას ავრცლებს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელ, იგორ კირილოვი ამჯერად საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებების გადამტანი კოღოების და ტკიპების მომრავლების შესახებ აცხადებს.
„ლუგარის ცენტრის დისლოცირების რეგიონში განსაკუთრებით უარესდება ვითარება გადამტანი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების თვალსაზრისით. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სახეობის კოღების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში გვხვდებოდა, გავრცელების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“, – თქვა კირილოვმა.
მანვე აღნიშნა, რომ სტავროპოლის მხარესა და როსტოვის ოლქში ყირიმ-კონგოს ცხელების აფეთქების მიზეზი გახდა ტკიპების გავრცელება.
ცნობისთვის, რუსულ დეზინფორმაციას წლების განმავლობაში უარყოფს საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები.
აშშ-ს ცნობით, რუსეთი ცრუ პრეტენზიებს იგონებს, რათა გაამართლოს თავისი საშინელი ქმედებები უკრაინაში“.