შავი ზღვის საოპერაციო ზონაში რუსეთის სახომალდო დაჯგუფება, რომელიც სარაკეტო და სადესანტო გემებისგან შედგებოდა უკრაინის სანაპიროს თითქმის 200 კილომეტრით მოშორდა.
ამის შესახებ ოპერატიული ხელმძღვანელობა “სამხრეთი“ იუწყება. მისი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამის მიუხედავად საზღვაო მიმოსვლის ბლოკირება და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.
არ არის გამორიცხული, რომ რუსები სარაკეტო დარტყმებს ახლა კასპიის ზღვის აკვატორიიდან ახორციელებენ. 18 აპრილს ლვოვის და ლვოვის ოლქის ხელმძღვანელებმა გააცხადეს, რომ ქალაქზე შეტევა “კასპიის მიმართულებიდან“ მიიტანეს. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა.
15 აპრილს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ორი საკვანძო სამხედრო–საზღვაო ობიექტი დაკარგა: კრეისერი “მოსკოვი“ და სადესანტო ხომალდი “სარატოვი“. ამან შავ ზღვაზე რუსული ფლოტი დაასუსტა.
14 აპრილს რუსულმა სამხედრო მეთაურობამ აღიარა, რომ კრეისერი მოსკოვი დანიშნულების პორტში ბუქსირებისას ჩაიძირა. მანამდე კრეისერზე უკრაინულმა მხარემ შეტევა მიიტანა სარაკეტო კომპლექს “ნეპტუნით“.
დიდი სადესანტო ხომალდი “სარატოვი“ კი 24 მარტს ბერდიანსკის პორტში რაკეტა “Точка У”–თი ააფეთქეს. სარატოვის გარდა დაზიანდა სიახლოვეს არსებული კიდევ სამი გემი.