მოსკოვის საქმიან კომპლექს “მასკვა–სითი“–ს წუხელ დრონებმა შეუტიეს

კვირას ღამით ორმა დრონმა მოსკოვის ბიზნეს ცენტრში შენობები დააზიანა. კიდევ ერთი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ჩამოაგდეს. ეს არის დრონებით მეოთხე თავდასხმა მოსკოვზე მაისის დასაწყისიდან.

„წუხელ უკრაინული დრონების შემოტევა იყო. მსუბუქად დაზიანდა ქალაქის ორი საოფისე კოშკის ფასადები. მსხვერპლი და დაშავებული არ არის“, – ნათქვამია მესიჯში, რომელიც მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ტელეგრამის არხზე კვირას დილის 5-ის ნახევარზე გამოჩნდა.

შედეგად, IQ- კვარტალის 50-სართულიანი კორპუსი მეხუთე და მეექვსე სართულების ირგვლივ დაზიანდა. აქ რუსეთის სამი სამინისტროს ოფისები და საცხოვრებელი აპარტამენტებია განთავსებული.

ტელეგრამის არხმა „ფრთხილად, ახალი ამბები“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ციფრული განვითარების სამინისტროს აფეთქების შედეგად მიმოფანტული დოკუმენტები.

ზოგიერთი ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთიდან ორამდე ადამიანი დაშავდა, თუმცა ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურა.

ტელეგრამის არხის Mash-ის ცნობით, მოსკოვზე თავდამსხმელი ორი დრონიდან პირველი 3:20 წუთზე აფეთქდა. ამავდროულად, გამოჩნდა ცნობები მოსკოვის რეგიონის ოდინცოვოს რაიონში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

დაახლოებით 4:10 საათზე მიიღეს ინფორმაცია მეორე აფეთქების შესახებ – “ოკო-2“ ბიზნეს ცენტრში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემებით განადგურდა ჰაერში, „კიდევ ორი ​​უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს რადიოელექტრონული  ბრძოლის სისტემებმა და და კონტროლი დაკარგა მოსკოვის ტერიტორიაზე, არასაცხოვრებელი შენობების კომპლექს “მასკვა–სითის“ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

უკრაინას თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

ინციდენტთან დაკავშირებით, დედაქალაქის ვნუკოვოს აეროპორტი მცირე ხნით დაიხურა გამგზავრებისა და ჩამოსვლისთვის, ხოლო ფრენები აიკრძალა მოსკოვისა და მოსკოვის რეგიონის საჰაერო ზონაში, წერს TASS.

გარდა ამისა, მოსკოვის მიდამოში, ტესტოვსკაიას ქუჩაზე, მოძრაობა გადაკეტილი იყო.