მოსკოვში სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დააკავეს

გუშინ, 29  დეკემბერს სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი არშაკ კარაპეტიანი მოსკოვის ცენტრში დააკავეს.

რუსული საინფორმაციო РБК წერს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაცია მათ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ და პოლიციის ტერიტორიული განყოფილების წარმომადგენელმა დაუდასტურა.

ის სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღძრული საქმეების ფარგლებში იძებნებოდა. კერძოდ, კარაპეტიანს  ბრალად ედება სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

არშაკ კარაპეტიანი 2018- 2021 წლებში ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი იყო. 2021 წლის აპრილიდან ივლისამდე სომხეთის გენშტაბის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ამის შემდეგ იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. კარაპეტიანი თანამდებობიდან სამ თვეში გაათავისუფლეს.

ამჟამად, ის ოპოზიციური მოძრაობა “საერთო ეროვნული ფრონტის” ლიდერია.