საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას. გამოკითხულთა, 60%-დან „სრულიად არ უჭერს მხარს” – 42%, „გარკვეულწილად არ უჭერს მხარს“ – 18%.
„წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ საქართველოს მოსახლეობა გამოირჩეოდა მუდმივი ოპტიმიზმით. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია იცვლება. მოქალაქეები სულ უფრო მეტად ღელავენ ეკონომიკურ საკითხებზე, პანდემიასა და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე“, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76 პროცენტი თვლის რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად გაუარესდა“ (37%) და „მნიშვნელოვნად გაუარესდა“ (39%). გამოკითხულთა 63% მიიჩნევს რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71% თვლის რომ ეკონომიკური მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად“ ან „ძალიან“ ცუდია. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41 პროცენტს თვლის, რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34 პროცენტი ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. გამოკითხულთა 59% კმაყოფილია მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის მეტ-ნაკლებად კმაყოფილია“ (44%) და „ძალიან კმაყოფილია“ (15%). ეს მონაცემი IRI-ს მიერ, 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მაჩვენებელთან შედარებით 20%-იან ვარდნას წარმოადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შესამსუბუქებლად, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მოსახლეობის 45%-მა პროცენტმა გამოთქვა კმაყოფილება, მაშინ როდესაც 2020 წლის ივნისის კვლევაში ეს მონაცემი 56%-ია. მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის 42% – „სრულიად არ უჭერს მხარს” და 18% – „გარკვეულწილად არ უჭერს მხარს“.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია.
ეს მიგნებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს სურთ მოქმედი პარლამენტი, რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს წარმოადგენს“, – განაცხადა ნიქსმა.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.