სემეკის განცხადებით, თელასის შემოწმების შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიამ 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებს 569 605 ლარით მეტი გადაახდევინა. სემეკის გადაწყვეტილებით, სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა, მოქალაქეებს კი თანხა დაუბრუნდათ.
“სემეკის რეგულაციების საფუძველზე განხორციელებული კორექტირების შედეგად, მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე დაბრუნებული თანხების ჯამმა კორექტირების პროცესი არ არის დასრულებული და მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე თანხების დაბრუნება გრძელდება, შემოწმების ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია დამატებით 8254 მომხმარებელი, რომელთა მრიცხველების წაკითხვის პროცესში ხარვეზები გამოვლინდა.
ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის საფუძველზე სემეკმა სს „თელასისა“ და შპს „თელმიკოს“ საქმიანობის ადგილზე შემოწმება 3 თებერვალს დაიწყო. სპეციალური ჯგუფის მიერ გადამოწმდა 657 637 აბონენტზე 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში განხორციელებული დარიცხვები.
სს „თელასში“ გამოვლენილი დარღვევები, ძირითადად, უკავშირდებოდა მოხმარებული ელექტროენერგიის კვტ.სთ-ების არასწორად აღრიცხვას, მრიცხველების ნაწილობრივ ტექნიკურ გაუმართაობას, მრიცხველების წაკითხვის ვადების დარღვევას – ანათვალის აღება აღემატებოდა 30 დღეს.
შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ქსელის ცალკეულ უბნებზე მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგია რიგ შემთხვევებში აღემატებოდა სატრანსფორმატორო ქვესადგურებში მიღებულ ენერგიას, რაც მრიცხველების წაკითხვის პროცესის ხარვეზზე მიუთითებს.
ამასთანავე, ელექტროენერგიის კვტ.სთ-ების დარიცხვა განხორციელდა სტატუს შეწყვეტილ მომხმარებლებზეც (ე.წ. დაკეტილი ფართები), რომლებსაც ელექტროენერგიის მოხმარება არ უფიქსირდებოდათ. ჯამში, დეკემბერსა და იანვარში აბონენტებზე არასწორად დარიცხული კვტ.სთ-ების ოდენობამ 2, 413 462 კვტ.სთ შეადგინა. აღნიშნულის გამო, დეკემბერსა და იანვარში გაიზარდა იმ მომხმარებელთა წილი, რომელთაც ელექტროენერგიის გადასახადი საფეხურებრივად ყველაზე მაღალი ტარიფით დაერიცხათ”,– აცხადებს მარეგულირებელი.
დარღვევები გამოვლინდა დეკემბერში მრიცხველის წაკითხვის ახალ სისტემაზე გადასვლის პერიოდში 2 ქვითრის მიღებისას.
“სემეკის მიერ დაანონსებულ ე.წ. ტექნიკურ გარდამავალ ეტაპზე, დეკემბერში სს „თელასი“ მრიცხველებს წაიკითხავდა ორჯერ, რის საფუძველზეც მომხმარებელთა ნაწილი ერთჯერადად მიიღებდა 2 ქვითარს, რომელშიც განაწილებული იქნებოდა დეკემბრის გადასახადი.
მაგალითისთვის, პირველ ქვითარში ასახული უნდა ყოფილიყო 20 დღეზე დარიცხული გადასახადი, ხოლო მეორე ქვითარში – 10 დღეზე დარიცხული გადასახადი. შესაბამისად, მეორე ქვითარში დარიცხული გადასახადი უნდა ყოფილიყო პირველი ქვითრით დარიცხულ გადასახადზე ნაკლები.
შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში, დეკემბერში მრიცხველების ორივე წაკითხვის შედეგად მომხმარებელზე დარიცხული კვტ.სთ-ების ოდენობა იყო იდენტური, მიუხედავად წაკითხვის შუალედში განსხვავებული დღეების რაოდენობისა, რიგ შემთხვევებში დეკემბრის მეორე ჩვენება აღემატებოდა დეკემბრის პირველ ჩვენებას, მიუხედავად იმისა, რომ მრიცხველის მეორე წაკითხვის დღეების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო პირველზე, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დეკემბერში მრიცხველების მეორე წაკითხვა არ განხორციელებულა, რის გამოც ხელოვნურად გაიზარდა იანვარში დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა”,– აღნიშნულია განცხადებაში.
სემეკისვე ცნობით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „თელმიკოს“ მიერ განხორციელებული დარიცხვები განხორციელებული იყო „თელასის“ მიერ მიწოდებული არასწორი მონაცემების საფუძველზე, თუმცა საფასურის დარიცხვისას არ დარღვეულა ტარიფის საფეხურის მისადაგების წესი.
სემეკის გადაწყვეტილებით, დარღვევების აღმოსაფხვრელად სს „თელასს“ ერთთვიანი ვადა განესაზღვრა. გადაწყვეტილების შესრულების კონტროლს კომისია განახორციელებს.