მოქალაქისგან თანხის გამოძალვაში ბრალდებულ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სამართალდამცავებმა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე, ამირან ნაჭყებია დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, სამმართველოს უფროსმა მოქალაქე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით, 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა. უწყების ცნობით, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც  უკანონო ჩხრეკა ჩაატარა. ამირან ნაჭყებიამ თითქოს, ნივთმტკიცების სახით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ.

ქვაჭრელიშვილის და ნაჭყებიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესვე გაიმართა. მოსამართლემ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე მხოლოდ წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი გამოცხადდა. ის ამბობდა, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. პროცესზე ქვაჭრელიშვილსა და პროკურორს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მოსამართლემ ბრალდებული სხდომიდან გააძევა.

ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილს საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც საჯარო მოხელის მიერ გამოძალვით ქრთამის აღებას მოიცავს.

რაც შეეხება მის ყოფილ მოადგილეს. ამირან ნაჭყებიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას ედავებიან, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მას, ასევე, ბრალი წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.