“საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ვინაობა უნდა იყოს ამოცნობადი, უნიფორმაზე ან ჩაფხუტზე უნდა ეკეთოთ რაიმე სახის იდენტიფიკატორი, მაგალითად ნომერი ან სახელი. ქართული ოცნება ამ სტანდარტს უხეშად და მიზანმიმართულად არღვევს, რითაც კვებავს დაუსჯელობის სინდრომს და ყველა მოძალადე სამართალდამცავს პრაქტიკულად აძლევს გარანტიას, რომ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არასდროს დადგება” – ამის შესახებ, ნათქამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“გასული დღეების განმავლობაში, სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, არასაჭირო ძალის გამოყენების, დემონსტრანტების ცემის, არაადამიანური მოპყრობის და წამების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
მიუხედავად ამისა, ბრალეული პირების იდენტიფიცირება და მართლმსაჯულების აღსრულება ვერ ხერხდება. სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ სპეცრაზმელები, რომლებიც აქციებს უკანონოდ არბევენ და დაკავებულ მოქალაქეებზე ძალადობენ, იდენტიფიცირებადი არ არიან.
საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ვინაობა უნდა იყოს ამოცნობადი, უნიფორმაზე ან ჩაფხუტზე უნდა ეკეთოთ რაიმე სახის იდენტიფიკატორი, მაგალითად ნომერი ან სახელი.
ქართული ოცნება ამ სტანდარტს უხეშად და მიზანმიმართულად არღვევს, რითაც კვებავს დაუსჯელობის სინდრომს და ყველა მოძალადე სამართალდამცავს პრაქტიკულად აძლევს გარანტიას, რომ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არასდროს დადგება.
აღნიშნული დარღვევის ხასიათიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ძალოვნების მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, იდენტიფიცირების დაუშვებლობით, პასუხისმგებლობის გამორიცხვის პირობას და დაუსჯელობის გარანტიას ქმნიან უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის, შსს-ს მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი, რაც მოითხოვს მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას”. -ნათქვამია განცხადებაში.