ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი.
,,უახლოესი სამი დღის განმავლობაში პირველ რიგში მრევლზეა დამოკიდებული, გვყავდეს ნაკლები პაციენტი. მრევლი გადაწყვეტს ახლა ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი. ასეთი ფორმულირებით არასოდეს მითქვამს”,- ამბობს ცერცვაძე.
საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას მაინც აპირებს. საპატრიარქო მთავრობასთან შეთანხმდა, რომ დიდ ტაძრებში მრევლი დაესწრება ლიტურგიას, მცირე ეკლესიებში კი ისინი გარეთ იქნებიან. საპატრიარქოს განცხადებით, დაიცავენ დისტანციას, თუმცა უცვლელია ერთი კოვზით ზიარების წესი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ სააღდგომო ლიტურგიისას ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება, რადგან მასობრივი ჩავშეყრა იქნება ტაძრებში.
ინფექციონისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, არ წავიდნენ ტაძარში და დარჩნენ სახლში.