ჯანდაცვის პრობლემამ, რომელიც მთელ მსოფლიოს კორონავირუსის პანდემიის სახით დაატყდა თავს, ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფერო მოიცვა. პროცესში აღმოჩნდა ჩართული მოდის ინდუსტრიაც: ლუქს კატეგორიის პროდუქტის ერთ–ერთი მთავარი მომხმარებელი ჩინეთი მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდა, მსოფლიო მოდის გავლენიანი ეპიცენტრი – იტალია კი ამჟამად კორონავირუსით დაავადადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მეორე ადგილზეა.
ყველაზე სწრაფი რეაქცია განვითარებულ მოვლენებზე ჯორჯო არმანის ჰქონდა – ჯერ კიდევ საყოველთაო პანიკამდე ბრენდმა გადაწყვიტა პროფილაქტიკის მიზნით ჩვენება დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა.
Giorgio Armani–ს ბრენდმა ყველა მიმართულებით გადადგა ნაბიჯები – მან ყველა მისი რესტორნის, სასტუმროს და ბუტიკის დახურვის შესახებ განაცხადა. “ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსის აფეთქებისა და პროფილაქტიკური ზომების გამო, რომლებიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის დასაცავად მივიღეთ, არმანის ჯგუფი აცხადებს მთელ მილანში ბუტიკების, რესტორნების და სასტუმროების დახურვის შეახებ“– ნათქვამი იყო ბრენდის განცხადებაში ჯერ კიდევ ნაციონალური კარანტინის გამოცხადებამდე. გარდა ამისა, კვირის დასაწყისში არმანიმ 1.2 მილიონი ევრო შეწირა მილანის სამ საავამდყოფოს და რომის საავადმყოფოს, ასევე იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს.
გარდა ამისა, ბრენდმა პირველმა გადადო ნოემბრისთვის დაგეგმილი საკრუიზო ჩვენება, რომელიც დუბაიში 19–20 აპრილს უნდა გამართულიყო. იტალიელ კოლეგას მალე სხვა ბრენდებიც მიჰყვნენ. დროებით გააუქმეს ან გადაავადეს ჩვენებები Prada–მ, Hermes–მა, Max Mara–მ, Gucci–მ და სხვებმა.
Versace–ს ბრენდსაც ადეკვატური რეაქცია ჰქონდა კორონავირუსის გავრცელებაზე. დონატელა ვერსაჩემ საკრუიზო კოლექციის ჩვენება გააუქმა, რომელიც აშშ–ში 16 მაისისთვის იყო დაგეგმილი, შემდეგ კი 143 000 დოლარი შესწირა ჩინეთის წითელ ჯვარს, გასულ კვირას კი 200 000 ევრო იტალიის სამედიცინო დაწესებულებებს.
“ჩემი გული კორონავირუსით დაზარალებულებთან და მათ ოჯახებთან არის. გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას და მოგიწოდებთ ყველას დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ახლა ძალიან ჭირდება“ – წერდა დონატელა ვერსაჩე თავის განცხადებაში.
კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო არაერთი იტალიური მოდის სახლი. Bvlgari–ს ბრენდმა რომის Lazzaro Spallanzani–ს საავადმყოფოს კვლევით ცენტრს შესწირა თანხა. ამ ინიციატივამ მეცნიერებს საშუალება მისცა მიკროსკოპული ვიზუალიზაციის უახლესის სიტემა შეეძინათ, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს COVID19–ის ვაქცინის შემუშავებაში.
16 მარტს ცნობილი გახდა, რომ Prada-მ ორ მილანურ საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებები შესწირა.
Dolce & Gabbana–მ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც განაცხადა, რომ მხარს უჭერს Humanitas–ს უნივერსიტეტს კვლევების ჩასატარებლად კორონავირუსზე ორგანიზმის რეაქციის კვლევისთვის, რათა შემუშავდეს საფუძვლები დიაგნოსტიკისა და სამედიცინო ჩარევისთვის. თანხა სერიოზულია, თუმცა არ სახელდება.
ვირუსის აფეთქების მომენტისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ფონდი (COVID-19 Solidarity Response). მისი მიზანი ახალი ინფექციისთვის ყველა ქვეყნის მომზადება იყო. H&M Foundation–მა 500 000 დოლარი გამოყო ფოდისთვის.
კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთნენ მოდური კონგლომერატებიც. ოპერატიულად იმოქმედა LVMH ჯგუფმა . კომპანიამ, რომელიც Louis Vuitton, Dior, Givenchy, Kenzo, Loewe, Marc Jacobs–ის ბრენდებს ფლობს 2.2 მილიონი დოლარი შესწირა ჩინეთის წითელ ჯვარს. და ეს კიდევ მანამ, სანამ ვირუსი მთელ პლანეტაზე გავრცელდებოდა და ყველა კონტინენტს მოიცავდა.
16 მარტიდან კი ამ ჯგუფის პარფიუმერულ–კოსმეტიკური საწარმოო სიმძლავრეების ნაწილი ანტისეპტიკური გელის და სითხეების დამზადებაზე გადაერთო, რასაც შემდეგ საფრანგეთის ჯანდაცვის სტრუქტურებს გადასცემენ.
შვეიცარულმა კონგლომერატმა – Richemont Group, რომელიც Cartier, Van Cleef & Arpels და Chloe– ს ბრენდებს ფლობს, 1,4 მილიონი დოლარი შესწირა COVID-19თან ბრძოლას .
კომპანია Kering–მა (Gucci, Bottega Veneta, Saint Laurent, Balenciaga, Alexander McQueen და სხვები), რომელიც მსახიობ სელმა ჰაიეკის ქმარის, ფრანსუა ანრი პინოს ეკუთვნის, 7, 5 მილიონი იუანი, ანუ 1 მილიონი დოლარი გადაურიცხა ჰუბეის პროვინციის წითელ ჯვარს,რომელიც უხანთან ერთად კორონავირუსის ეპიცენტრად იქცა.
ჟურნალისმა ლეონა ლიუმ გამოცემა South China Morning Post –იდან დაწერა, რომ ბრენდი Hermès აპირებს 5 მილიონი იუანი (711 278 დოლარი) შესწიროს ფონდს China Soong China Ling Foundation, რომელიც ქვეყანაში ვირუსთან საბრძოლველად სამდიცინო მუშაკებს გამოყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრია თავადაც მძიმე პერიოდს განიცდის, ის ცდილობს წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში, ტესტების შემუშავებაში, ჯანდაცვის სფეროს დახმარებასა და ვაქცინის ძიებაში.